საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო დისკუსია „სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აქტუალური ასპექტები გერმანიაში, საქართველოსა და ევროპაში“

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით 2024 წლის 12 იანვარს გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე - „სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აქტუალური ასპექტები გერმანიაში, საქართველოსა და ევროპაში“, რომელსაც გაუძღვებიან გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ბერნდ ჰაინრიხი და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. მარტინ ჰეგერი.

 

ღონისძიებაზე დაგეგმილია პროფ. ჰაინრიხისა და პროფ. ჰეგერისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია. 

 

ღონისძიების ჩატარების ადგილია თსუ-ის I კორპუსის მუზეუმი.

 

ღონისძიების თარიღი - 2024 წლის 12 იანვარი, 13:00 სთ.

 

სამუშაო ენაა - ქართული და გერმანული (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი).

 

დაინტერესებული პირებისთვის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. 

 

პროფესორი დოქტორი ბერნდ ჰაინრიხი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - „მცდელობის დასჯადობა გერმანული და ქართული სამართლის მიხედვით - გერმანულ-ქართული პროექტიდან 2006-2010 წლებში მიღებული შედეგები სისხლის სამართლის ზოგად ნაწილთან მიმართებით; ხოლო პროფესორი დოქტორი მარტინ ჰეგერი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - „მდგრადობაზე ორიენტირებული ეკონომიკური სისხლის სამართალი, როგორც სამართლებრივი მეცნიერების და კრიმინალური პოლიტიკის გამოწვევა ევროპაში“.

 

მომხსენებლების შესახებ:

პროფ. ბერნდ ჰაინრიხი და პროფ. მარტინ ჰეგერი მრავალი წელია თანამშრომლობენ თსუ-სთან და ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოში. კერძოდ, 2006 წლიდან არიან ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა გაცვლითი სემინარის „Netzwerk Ost-West“ თანაორგანიზატორები; ბერლინის ჰუმბოლდტისა და ტიუბინგენის ებერჰარდ კარლსის სახელობის უნივერსიტეტებში ქართველი დოქტორანტების ხელმძღვანელები და  მრავალი ქართველი მოწვეული მეცნიერის მასპინძლები; საქართველოში მრავალი კონფერენციისა და შეხვედრის  მონაწილეები. ამასთან, გახლავთ გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის (DGStZ) და ციფრული სისხლის სამართლის ტერმინების ქართულ-გერმანული ჟურნალის (DGDSG) თანადამფუძნებლები და თანარედაქტორები; 2016-2021 წლებში გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის  პროექტის - „საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი ევროპული და საერთაშორისო სამართლის გავლენის ქვეშ“ - პარტნიორები; საქართველოს პარლამენტის მრჩევლები; საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გერმანელი და ქართველი სისხლის სამართლის პროფესორთა კონფერენციის „სისხლის სამართლის მეცნიერება გაერთიანებულ ევროპაში“ ხელმძღვანელი; საქართველოში განხორციელებული მრავალი საზაფხულო სკოლისა თუ პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე.

თარიღი: 29/12/2023